მეკო

  184250_326923687428854_1404618453_nმეკო და მე ერთ უბანში გავიზარდეთ. მეკოს-გიჟ მეკოს ეძახდნენ. მე-ჭკვიან თეას. არადა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ მეკო ამბობდა იმას, რასაც მე მხოლოდ ვფიქრობდი.

მეკო ერთ ჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობდა: ყავდა მოსიყვარულე და მზრუნველი დედა, მშრომელი მამა, რომელიც ცნობილი თამადა იყო. არა, ღიპი და წითელი ლოყები არ ჰქონდა, პირიქით, ყოველ დილით 6 საათზე ის და მამა სავარჯიშოდ გადიოდნენ ხოლმე, და ამის გამო განსაკუთრებით ვაფასებდი გიორგი ძიას.

მეკო და მე ერთად დავდიოდით სკოლაში. ლაპარაკი-ორივეს გვიყვარდა და-ბევრს ვლაპარაკობდით, კლასებთან რომ ვიყრებოდით-ძალიან არ მიყვარდა ეს მომენტი: მეკო ეგრევე თავისთან შედიოდა და მერხზე უცებ დადებდა საკითხავ წიგნს, მეც-ჩემს კლასში შევიდოდი და მეგობრებს ველაპარაკებოდი ზარის დარეკვამდე. ნელ ნელა აღმოვაჩინე, რომ მე და მეკო ძალიან ერთნაირად ვფიქრობთ ძალიან ბევრ რამეზე. საერთო თემები ადამიანებს აახლოებთ, მე და მეკოც არ ვიყავით გამონაკლისი. დავახლოვდით. საუკეთესო მეგობრები ვიყავით წლების მანძილზე და ასაკთან ერთად ეს მეგობრობა მხოლოდ თუ მყარდებოდა.

მეკოს 8-9 წლის ასაკში პირველად დაუძახეს გიჟი მეკო. მახსოვს, როგორ აევსო თვალები ცრემლით. მისი დიდი, ლურჯი თვალები. მე საკადრისი პასუხი გავეცი ვისაც ეკუთვნოდა რეპლიკა და მეკო უცებ გავარიდე ბავშვებს.Schoolgirls-bullying-007

“მართლა გიჟი ვარ”-ამბობდა და ტიროდა. მე კი ვარწმუნებდი რომ ისინი არიან გიჟები. არ იყო გასაკვირი, რომ ზედმეტსახელი მარტივად მიეკერა მეკოს, ის მართლაც უცნაურ ბავშვად ეჩვენებოდათ უბანში: გარეთ სათამაშოდ გამოსული-უბრალოდ იჯდა ხოლმე ეზოში მაგიდასთან და რაღაცას გაშტერებით უყურებდა, ან-ზაფხულში-კალიას დაიჭერდა და იმას შეისწავლიდა ხოლმე, უფრო ხშირად მეკოს ცაში ყურება უყვარდა, თავის თავთან ლაპარაკი და ხანდახან-უბრალოდ, უმიზეზოდ, მარტო სიცილიც კი.

რაც უფრო იზრდებოდა, მეკო უფრო და უფრო ჩაიკეტა თავის თავში და მხოლოდ ჩვენს მეგობრობას არ შეეცვალა ელფერი. მეკოს ძველი მეგობრებიდან-მეღა შევრჩი. უცნაურობების გამო ბევრი დასცინოდა, არავის მოსწონდა თავნება, პირდაპირი გოგონა, ხშირად ხალხისთვის არაადეკვატური რეაქციებით, არასტანდარტული ქცევებით. მე-ბევრი ახალი მეგობარი გავიჩინე. კიდევ ვფიქრობდი ხოლმე ბევრ სხვადასხვა თემაზე, და სამეგობროში მეც უცნაურად მიმიჩნევდნენ, მაგრამ -რამდენიმე მცდელობის მერე რაღაც თემებზე გვესაუბრა-შევეშვი მეგობრებს. არ უნდოდათ მძიმე და საფიქრალ თემებზე ლაპარაკი. მესმოდა მათი. რომელი 13-14 წლის გოგო ფიქრობს იმაზე, თუ რატომ დაიბადა, რა აზრი აქვს მის არსებობას, რამდენად არის ყველაფერი ურთერთკავშირში, არსებობს თუ არა “პეპლის ეფექტი”, (ამ უკანასკნელის აღმოჩენისთვის მზად ვიყავი ექსპერიმენტები მეტარებინა), შეიძლება თუ არა რეინკარნაცია, და თუ შეიძლება-ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში…და ა.შ.

მხოლოდ მეკო მისმენდა ხოლმე მთელი სერიოზულობით და ვსაუბრობდით ჩვენთვის ასეთ საინტერესო თემებზე. მეკო ლამაზი გოგო გაიზარდა: მაღალი, თხელი, სიარულისას ტანი ბალერინასავით მსუბუქად და გრაციულად მიჰქონდა. თეთრი სახე და ლურჯი თვალები შეეცვალა: უფრო ხორბლისფერი გახდა და თვალებიც დაუსევდიანდა, გაუმუქდა. ჩაუღრმავდა. ლამაზი იყო, მაგრამ თაყვანისმცემლები დიდად არ ჰყავდა. ყველა “გიჟ მეკოდ” იცნობდა და ბიჭებიც ერიდებოდნენ. თავად დიდად არ განიცდიდა ამ ამბავს, თავის ფასი ყოველთვის იცოდა და ამბობდა, რომ ბიჭი, რომელიც ვიღაცის მიკერებულ სახელს უფრთხოდა-არ იყო მისი ტიპი.

მეკომ წარჩინებით დაამთავრა სკოლა. მახსოვს, ერთად ვოცნებობდით, როგორ გავაღწევდით პატარა ქალაქიდან და დავიპყრობდით დიდ ქალაქს. როგორ ავისრულებდით სურვილებს, გვექნებოდა ლამაზი სახლები და გავაკეთებდით იმას, რაც გვენდომებოდა, და არავინ მოგვაქცევდა ყურადღებას.

მე-წამოვედი თბილისში. მეკო-ვერა. მშობლები ნაადრევად დაეღუპა და მისთვის თბილისში სწავლა-ისევე ოცნებად დარჩა.

სახლი ნელ ნელა გაპარტახდა : შეეტყო ძლიერი ხელის ნაკლებობა.

მეკო სამუშაოდ მოეწყო. სამსახურიდან სახლამდე 5 კილომეტრს ფეხით გადიოდა ყოველ დღე ორჯერ. მშვენიერ ფორმაში იყო. მაგრამ მეგობრები საერთოდ არ ჰყავდა. გარდატეხის ასაკი მძიმე ჰქონდა მეკოს: ზედმეტსახელის ვარიაციები, განკიცხვა “ეს ხომ გიჟია”-ზურგსუკან ქირქილი, მერე-ავტოკატასტროფა და დაღუპული მშობლები, გასვენებაში და პანაშვიდებზე მოჭორავე ქალები. “ერთი მამამისი თუ იტანდა ამას, რა კაცი აიტანს, გიჟს, საწყალი გოგო”. “პატრონი უნდა იშოვოს, მაგრამ ვინ გაბრიყვდება და წაიყვანს გიჟს თავისთან..”  “ტან ფეხი რომ მისცა, ჭკუა მიეცა მამაღმერთს ის არ სჯობდა?!” ….. მეკოს რამდენიმე დღე ესმოდა პანაშვიდებზე ჩუმი გადალაპარაკებული ფრაზები. მესამე დღეს-ვერ მოითმინა, ყურებზე აიფარა ხელი და მოიკუნტა, რომ დამალოდა ამ ხმებს, ხმებს, რომლებიც მოვალეობის მოხდის მიზნით იყვნენ მოსულები და საათს უყურებდნენ, რომ დროულად წასულიყვნენ სახლში რომ სერიალი არ გამოეტოვებინათ, და ბოლო ხმაზე იკივლა. ყველამ შეშინებულმა შეხედა და გაჩუმდნენ. მეკომ ამღვრეული თვალები მოავლო ხალხს.მძიმედ სუნთქავდა. თვალები ტკივილით ჰქონდა სავსე.

480462_323400751114481_2142205682_n

“რატომ მახრჩობთ, რა გინდათ! წაადიიით! “- შეჰბღავლა ქალებს და ოთახიდან გაიქცა. გავედევნე. ქუჩის ბოლოს წაიქცა და დავეწიე. მე მესმოდა მისი, მესმოდა რატომ იყვირა. მაგრამ სხვებს არ ესმოდათ. “გიჟია რა ქნას”-აქნევდნენ თავს და ისევ ჩუმად ოხრავდნენ.მოვალეობის მოხდის მიზნით.მერე-ყველა გაიკრიფა სახლიდან.

ჩვენმა მეგობარმა მოაწყო გასვენება, და მერე-მეკოს ის სამსახური აშოვნინა, მეკოს სახლიდან შორს, მეზობლებისგან შორს. მაგრამ მუშაობას გულს ვერ უდებდა. “არ მინდა ეს სისულელე ვაკეთო, მთელი დღე ვზივარ და ვატყუებ ხალხს. არ მინდა ვიყო მატყუარა, ცხოვრებაში არ მითქვამს ტყუილი და ამის გამო დავიწყო უნდა?! ისედაც ამდენი ნაგავია გარშემო, რაღატო ამატებ, თქვი სიმართლე, არ შეიძლება? ბოლო ბოლო, ადამიანები ვართ ყველა!.. მერეც, რომ მოდის გაჭირვებული შენთან და რამეს გილომბარდებს-შენ უნდა კიდე იქით ატყუო და რაღაც დებილობების გამო ხელი არ უნდა გაუმართო? როცა შეიძლება აუხსნა ადამიანურად და დაეხმარო.!”-აღშფოთებული მიყვებოდა ხოლმე, როცა მნახულობდა. მესმოდა, რომ მეკოს არ უნდოდა ტყუილები. მესმოდა, რომ არ შეეძლო მოტყუება. მაგრამ როცა შენ ორგანიზაციაში მუშაობ და დაქირავებული ხარ, და არა-უფროსი, და უფროსის  შემოსავალი სწორედ ასეთი შემონატანების პროცენტებია-არ გაქვს უფლება შენი წესები დააწესო. მაგრამ მეკომ იპოვა გამოსავალი. თავიდან მეც კი არ გამიმხილა. ალბათ არ უნდოდა ამაზე ტელეფონით საუბარი, როცა ჩავედი-მხოლოდ მაშინ გავიგე სიმართლე  :)

მეკოსთან სულ რიგები იყო, მაშინ, როცა მეორე ოპერატორთან რამდენიმე ადამიანი თუ მივიდოდა, ისიც იმიტომ რომ ეჩქარებოდა და რიგში დგომისთვის აერიდებინა თავი.

მეკოს “კლიენტები” პროცენტს არ იხდიდნენ. უბრალოდ როცა ჰქონდათ საშუალება, შემოჰქონდათ პროცენტი და “ძირი”, მაგრამ სავალდებულო პროცენტს არ იხდიდნენ.600964_321578234630066_62578238_n

მეკომ სისტემა მოატყუა.

მეკომ ისწავლა სისტემა, ისწავლა სამუშაოს პროგრამა იმდენად კარგად,რომ სისტემა მოატყუა. ზარმაცი ადამიანები მაღლა კაბინეტებში კი ისე მიეჩვივნენ სისტემაზე ნდობას-რომ არც კი დაკვირვებიან ამ მოვლენას. და მეკოს ეშმაკობამ გაჭრა: ვიცოდით,რომ ადრე თუ გვიან ეს ამბავი გასკდებოდა, და ყველაზე უარეს შემთხვევაში, მეკოს დაიჭერდნენ თუ არა-ამ პროცენტების გადადას თავად მოსთხოვდნენ. მაგრამ ხდებოდა დაუჯერებელი რამ: ადამიანები, იმდენად მადლიერები იყვნენ მეკოსი, რომ ეხათრებოდათ და პროცენტებს დროულად აბრუნებდნენ, ან-გადაცილებით, მაგრამ-არანაირი ჩავარდნით ან გამოტოვებით..ხოლო რადგან მეკოს ყველაზე მეტი კლიენტი ჰყავდა-დასჯის მაგივრად- პირიქით, საუკეთესო თანამშრომელად მიიჩნეოდა. მეკომ დასცინა სისტემას.

მეკოს ტყუილი არ უნდოდა. მაგრამ სისტემამ და სამსახურმა აიძულა. ჰოდა, მეკომ სისტემა და სამსახური მოატყუა. ხალხი-არა.

“გიჟ მეკოს” ეხლა “გიორგის მეკოს”-ეძახდნენ, მამამისი კი, ცნობილი კოლორიტი კაცი იყო და ყველა იმწუთას ხვდებოდა, რომელ მეკოზე ამბობდა მოსაუბრე.

მერე მეკო სამსახურთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. ის სახლი არ გაყიდა. ვურჩევდით გაეყიდა და საერთოდ, თბილისში წამოსულიყო, მაგრამ არ გაყიდა. მე  მესმოდა, რომ არ უნდოდა დაკარგვა სახლის, სადაც გაიზარდა, სადაც ყველა ხე მამამ დარგო, სადაც დედის მორთული ოთახები იყო და ისევ მათი სუნი ტრიალებდა. სხვები-მხრებს იჩეჩავდნენ. “რა ჯანდაბად უნდა ის მორყეული სახლი, შეკეთებას მაინც ვერ მოახერხებს”-ჭორაობდნენ ქალები, მაგრამ უფრო ხმადაბლა და უფრო გაუბედავად.

მეკოს ცოლობა იმ ბიჭმა თხოვა, ბავშვობაში პირველად რომ დაუძახა “გიჟი მეკო”. მეკოს ამაზე მწარედ გაეღიმა მხოლოდ.

ისევ დადიოდა თავაწეული, მხნედ და მსუბუქად, როგორც მშობლების დაკარგვამდე, როგროც ბალერინა. უცნაურ რაღაცეებს აკეთებდა ხოლმე.ხალხისთვის უცნაურს.

ერთხელ-აიღო, და მის ძველ სახლში ლტოლვილები შეასახლა, ოღონდ-რამდენიმე ოთახი გამოკეტა და ისე. მაგრამ უსასყიდლოდ. პირიქით, იქით ეხმარებოდა ხოლმე ყველაფრით, რითიც შეეძლო.

313825_316960801758476_202964076_nმერე-უნარშეზღუდული ბავშვი აიყვანა ბავშვთა სახლიდან და უვლიდა. “რად უნდა ეს ტვირთი რაზე აიკიდა, გათხოვდეს და თავისი იყოლიოს”-დასდევდა ხმები ყოველთვის როცა მის შვილობილს სადმე წაიყვანდა ქუჩაში სავარძლით. სამსახურში დააწინაურეს. ამაზეც გაეცინა მწარედ. ისევ განაგრძობდა სისტემის მოტყუებას.

25 წლისები გავხდით. ოცდახუთი წლის მეკო გაცილებით ასაკიან ქალს ჰგავდა. ეტყობოდა, რომ დალხენილი ცხოვრების ნებიერი არ იყო. ისედაც, ბავშვობიდან უფრო დიდი იყო, ვიდრე თანატოლები-აზროვნებით, ქცევებით, გაიზარდა და-ეს სხვაობა არსად გაქრა. მაინც დააჩნდა დაღად ლოდი, რომელიც პატარა ქალაქმა აჰკიდა ჯერ კიდევ 8-9 წლის ბავშვს და ბევრი დამცირება და დაცინვა გადაატანინა თან.

როცა შვილი წამოეზარდა, მეკომ ოპერაციები ჩაუტარა, ბავშვი გამოჯანმრთელდა. სავარძელის გარეშე, მხოლოდ ყავარჯენით დადიოდა, რაღაც დროის მერე-ყავარჯენიც გადააგდო. მეკო და გიორგი (მამის სახელი გადაარქვა შვილს) ერთად სეირნობდნენ ხოლმე ბევრს. უმეტესად-ფეხით. გიორგი კარგი ბიჭი გამოდგა, დედას თვალებში შესციცინებდა და ღირსეული ბიჭი დადგა, მაგრამ მასავით “უცნაური”-როგორც იტყოდნენ.

მეკომ ასწავლა, რომ უნდა მოიქცეს ისე,როგროც უნდა, და არ მიაქციოს სხვას ყურადღება, დედის გარდა. გიორგიც ასე იქცეოდა. ყოველდღე ადიოდა ეკლესიაში, მაღლა, მთაზე და იქ ლოცულობდა, ფეხით იქამდე შორი იყო, მაგრამ დაუზარელი ბიჭი გზას არ დაგიდევდათ. მეკო არ იყო დიდად რელიგიური, მაგრამ არ დაუშალა გიორგის ეკლესიაში სიარული. არც მაშინ უთქვამს რამე, როცა ბიჭმა სემინარიაში ჩააბარა.. შვილს აუსრულა ის ნატვრა, რაც თვითონ უნდოდა-თბილისში გამოუშვა და დარჩა მარტო.

ბოლო წლებში, იქ ცხოვრებისას ვეღარ ვნახულობდი, სამსახურის გამო მივლინებებში მიწევდა სიარული ხშირად. ხანდახან დედა თუ მეტყოდა მეკოზე ახალ ამბავს. გავიგე, რომ რამდენჯერმე პარაშუტით გადმოხტა, სვანეთში მთებში წავიდა პროფესიონალებთან ერთად და უნდოდა მაქსიმალურად მაღლა ასულიყო,სადაც შეძლებდა, ჯომარდი-მისთვის ჩვეულებრივი გართობა გახდა, არც თუ ექსტრემალური. სპეციალურად არ ისწავლა ცურვა.”ცურვა თუ იცი ისე წყლის შიში და დინების შიში რას ქვიაო”-ამბობდა. საჰაერო ბურთი და პარაშუტი-განსაკუთრებით მოეწონა. მოსწონდა ეს შეგრძნება-უწონობაში, სამყაროს ზემოთ, დედამიწისგან შორს, მსუბუქად რომ დაფრინავდა.. არადა,ხომ ვიცი, ბავშვობაში სიმაღლის საშინელი შიში ჰქონდა. ეტყობა ეგეც დაძლია..

ბოლოს თავის სახლში რომ ვნახე-ძალიან შეცვლილიყო-ასაკზე უჩვეულოდ ბევრი ნაოჭები ჰქონდა. გავიგე, რომ უსახლკაროთა სახლში დადიოდა შაბათ-კვირას და იქ ეხმარებოდა უსასყიდლოდ. გამრჯე და მუყაითი ყოველთვის იყო. ყველაფერი ხელიდან ადვილად გამოსდიოდა. “ბიჭი აქ არ მყავს და ტყუილად დღე რატომ გავაცდინო”-მითხრა ამაზე ღიმილით და მე ჩემი თავის შემრცხვა, რომ მეც, სიცოცხლით და ენერგიით სავსე-სიზარმაცეს დავეძლიე ნელ ნელა.მერე რა, მეც ვაკეთებდი რაღაცეებს, მაგრამ მეკო.. ვურჩიე გათხოვილიყო, სრული ოჯახი შეექმნა, შვილი გაეჩინა კიდევ, არ მინდოდა მათსავით, ყველასავით მეთქვა, მაგრამ მაინც ვუთხარი- “სიბერეში მაინც არ იქნები მარტო” – 30 წლის ქალს გაეღიმა ამაზე. “მე არც ეხლა ვარ მარტო”-მითხრა და დავანებე თავი. მეც ხომ ისედაც მასავით ვფიქრობდი და შემრცხვა, რომ ჩემი აზრი სხვისით ჩავუნაცვლე წამიერად. თავნება მეკოს თუ თვითონ არ უნდოდა-ვერაფერს გააკეთებინებდი. “მე ჩემი თავი მყავს”-დაამატა და გადაიხარხარა. კიდევ ვურჩიე თბილისში წამოსვლა. ვცდილობდი ყველა არგუმენტი გამომეყენებინა, რომ თბილისში წამოსვლაზე დამეყოლიებინა. საქმე მარტო იმაში არაა, რომ თბილისში უფრო მეტი პერსპექტივაა, მინდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ვიცოდი, რომ მაინც, ჩუმ ჩუმად “გიჟ მეკოდ” ახსენებდნენ თავის ძველ უბანში და ვიცი რომ მის ყურამდეც მოდიოდა ეს ხმები. პატარა ქალაქში არაფერი იმალება. მკაცრია ხალხი. დაუნდობელი. სასტიკი და უსამართლო ბრბო. მეკო სულ ეწინააღმდეგებოდა მათ და ამ ბრძოლაში დაკარგა ბავშვობაც-8-9 წლიდან და ახალგაზრდობაც. მაინც მოიპოვა კარგი სახელიც და პატივისცემაც. მაგრამ ერთხელ მიწებებულ იარლიყს არაფერი ეშველებოდა. უსამართლო იარლიყს. მაგრამ-მჭიდროდ მიტმასნულს. “გიჟი მეკო”.

“დავიღალე აქ”-მითხრა და თავისი მეტყველი თვალებით შემომხედა. მივუხვდი სათქმელს. მერე-მე ვითავე ყველაფერი:სახლი მამას ჩავაბარეთ, რომ მიეხედა, ლტოლვილები მაინც დატოვა, არ გაყარა. ქალაქში აღებული ბინა გაყიდა, თანხაც დაამატა და თბილისში ერთოთახიანი იყიდა. იმავე კომპანიაში განაგრძო მუშაობა, ოღონდ-სათაო ოფისში. თითქოს ცხოვრება დალაგებას იწყებდა მისთვის. თბილისში ჩამოსულმა 15 წელი ჩამოფერთხა სახიდან: პატარა გოგოს დაემსგავსა-ლაღს და ჰაეროვანს,მიხაროდა რომ ვუყურებდი ბედნიერად იყო. რეგულარულად აბარებდა სისხლს. მეც შემომიერთდა ქველმოქმედებაში, თავადაც რომ გაიცნო საჭირო ხალხი-თავადაც დაიწყო ფულის მოგროვება კომპანიებში. საავადმყოფოებში ხშირი სტუმარი გახდა. ბავშვთა სახლიდან კიდევ ერთი ბავშვი წამოიყვანა, დაუნის სინდრომით, მშობლებმა რომ მიატოვეს..დანარჩენებს-მისი შვილის და-ძმებს ეძახდა და ყოველ კვირას მიჰქონდა მათთვის საჭირო ნივთები და ყველაზე მთავარი:დედობრივი სითბო. გიორგი წლების მერე მამაო გახდა. მახსოვს, რომ იმ დღეს მეკოზე ბედნიერი არავინ იყო. ამაყობდა მისი შვილით.

მეკოს ლეიკემია დაუდგინეს. მაშინ 36 წლის იყო, მაგრამ 25-წლისას ჰგავდა. მშვიდად მიიღო ეს ამბავი. გაიღიმა და დათანხმების ნიშნად თავი დააქნია. “გასაგებია, მადლობა ექიმო”. თქვა და წამოვიდა კაბინეტიდან. მე483605_320547104733179_433766555_n დავიბენი:-ექიმისთვის ათასი კითხვა მქონდა, მეკოს გავედევნე მაინც.

“უნდა მევლო ბავშვთა კლინიკაშიც, არ მოვიქეცი სწორად!”-მითხრა გაგულისებული ხმით, “დებილი ვარ!”-საკუთარ თავს უბრაზდებოდა რომ უსახლკაროებზე გადართული-ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ისე ხშირად ვერ სტუმრობდა. “მეკო წამო, მოვუსმინოთ რას იტყვის, იქნებ პირველი სტადიაა.” “არ მაქვს თავი. შენ მოუსმინე, მე აქ დაგელოდები.”-მიპასუხა. დერეფანში გახირული დავტოვე და ექიმთან გავიქეცი ისევ. ტყუილი იმედები. გულზე თითქოს მდუღარე გადამასხეს. “რამდენიმე წელი, საუკეთესო ვარიანტში”-ვუთხარი მეკოს, უკან რომ დავბრუნდი და ექიმის მოცემული ფურცლები ჩანთაში ჩავიკუჭე.

ჩვენს ქალაქში უცებ გავარდა ხმა, რომ მეკო ცუდად იყო.  “აბა რა მოუვიდოდა სად აღარ დადიოდა, კაცმა არ იცის.” “ყოველ შაბათ კვირას ჯანდაბაში სიარულმა იცის მასე”, “არა გოგო, შიდსი დამართნია ვიღაცა კაცთან დაძვრებოდა თურმე..” “ბავშვიც გაუჩენია იმ კაცისგან, დამბლადაცემული გამოადგა ეგეც”, “წავიდა თბილისში საპინტრიშოდ, აქ ვერ იყო თავისთვის კარგად? ხომ წაიმტვრია კისერი”…-სასტიკი, ტყუილი ჭორები სერავდნენ ქალაქს. დედა მეუბნებოდა ხოლმე, რას ამბობდა ხალხი. მეკოს ვუმალავდი, მაგრამ როგორღაც გაიგო ამაზე.

“არ მადარდებს ჩემზე რასაც იძახიან, ჩემს მშობლების ხსოვნას რომ მიეწებება ეგ და შვილებს-ამის გამო მტკივა გული”-გაიღიმა მწარედ მეკომ მაშინ. “რატომ მახრჩობენ, რა უნდათ”-მკითხა ისევ. პირველად ეს მშობლების პანაშვიდზე შეჰბღავლა ხალხს. ეხლა-მე მეკითხებოდა და არცერთხელ არ ვიცოდი რა მეპასუხა.

მეკოს გასვენების მერე ჩემთან ჟურნალისტი მოვიდა და მთხოვა მომეყოლა მეკოზე. მის ქველმოქმედებას მიუღწევია მათ ყურამდე და უცებ, მისი გარდაცვალების შემდეგ დაინტერესდნენ მეკოს ცხოვრებით. მის სიცოცხლეში რომ არასოდეს დაინტერესებულა არავინ, როგორი იყო მეკო.. მეკო აღარ იყო და ეხლა მე გამეღიმა მწარედ, ისე, როგორც მეკომ იცოდა. თითქოს ნახევარი სხეული დავრჩი, ისეთი შეგრძნება მქონდა.

მეკო და მე ხომ ერთ უბანში გავიზარდეთ. მეკოს-გიჟ-მეკოს ეძახდნენ. მე-ჭკვიან თეას. არადა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ მეკო ამბობდა და-აკეთებდა იმას, რასაც მე მხოლოდ ვფიქრობდი და-ნახევრად ვაკეთებდი.

დასასრული.

404433_321352191319337_2012373523_n

Facebook Status Updated

გავიცანი ორი წლის წინ.  სამსახურში შეხვედრაზე მოვიდა, მერე-მათ კომპანიასთან საქმე აღარ გავაგრძელეთ და მეგონა დავკარგე ბიჭი, რომლის მიმართ პირველივე დანახვიდან სიმპატიით ავივსე. ინტერნეტში მომძებნა. საოცარია, არასოდეს მიყვარდა სოც ქსელები. ფეისბუქი კიდევ ყველაზე “გამოყენებადია” მათ შორის, მაგრამ მაინც იშვიათად შევდივარ და უფრო იშვიათად ვპოსტავ რამეს.  ამიტომ რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს-ინტერნეტმა დაგვაკავშირა :დ

ძალიან მალე მასზე ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე, ისევე როგორც მან. არ ელოდა ჩემგან ამდენ შავ იუმორს, უფრო კარგი გოგო ვეგონე თურმე, მაგრამ ეს შავი იუმორი უფრო free-online-chatting-websites-with-strangersმოეწონა. გამიხარდა რომ მოეწონა და არ დამიწყო ბოროტობაა, ვაიმე როგორ იფიქრე, ღმერთი დაგსჯის😀 და   ბლა ბლა. -_-

მერე უფრო მეტი საერთო ვნახეთ და როგორც ხდება ხოლმე, მივეჯაჭვე ინტერნეტს მისი ხათრით. დილით ორივე ათზე ვიწყებდით სამსახურს და ექვსზე ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. მერე-სახლიდან ვაგრძელებდით… სამსახური და  500 კმ სიშორე არ მაძლევდა საშუალებას მენახა ხშირად. მაგრამ როცა ვნახულობდი-ეს დღე ყოველთვის საუკეთესო იყო.

არ ვიტყვი რომ მიყვარდა, ბანალურია და არასწორი. მომწონდა, მსიამოვნებდა მასთან საუბარი და მომწონდა ისიც, რომ დისტანციაზე უფრო ვიყავით ვიდრე ახლოს. საინტერესო იყო.

მერე-მისი ძმა ჩამოვიდა თბილისში მასთან ერთად და გამაცნო. მერე-ჩემს მეგობრებთან ერთად წამომყვა “ფართიზე” და გოგოები გავაცანი. არადა, სულაც არ ვგეგმავდით ასეთ რამეს. შემთხვევით გამოვიდა.

ცოტა ხანში შევატყვე , რომ უჭირდა დისტანციაზე ყოფნა. რომ დავფიქრდი-მეც მიჭირდა,პირველად გამოვუტყდი თავს რომ ბიჭი იმდენად მომწონდა-მზად ვიყავი მისთვის ქალაქი შემეცვალა, ყველაფერი მიმეტოვებინა და წავსულიყავი მხოლოდ მასთან. (სიგიჟეა, არა?)

მერე-სამსახური შევიცვალე, უკეთეს პოზიციაზე გადავედი.

მერე-ისიც დააწინაურეს.

ინტერნეტისთვის ვეღარ ვიცლიდით. ტელეფონისთვის-მითუმეტეს.

თავიდან ძალიან გამიჭირდა ყოველდღე მის გარეშე.

მერე-მივეჩვიე… მეტკინა გული როცა მივხვდი,რომ მივეჩვიე და უფრო იშვიათად ვფიქრობდი მასზე.

მერე-ეტყობა ისიც მიეჩვია.

ფეისბუქ-მეგობრებად ვიქეცით უბრალოდ. მხოლოდ ათასში ერთხელ მოწერა და რამის მილოცვა/მშრალი მოკითხვა, არაფრისმთქმელი საუბრები.. ხომ იცით როგორც ხდება.

რამდენიმე დღის წინ საღამოს გავხსენი ფეისბუქი,ნიუსფიდს ჩამოვყევი და გავხევდი: **** Changed his status to Married. და თანდართული ფოტო უცხო ლამაზ გოგოსთან ერთად.

გამიხარდა და თან, გული დამწყდა,როგორცღაც ორივე ერთდროულად მოვახერხე. უცნაური შეგრძნება იყო. ბოლომდე ვერ გავიგე უფრო გამიხარდა თუ გული დამწყდა.ჰმ..

მერე-დამირეკა. მოკითხვის მერე მკითხა “შენკენ რა სიახლეებია?”- და მინდოდა მომეყოლა, რომ რამდენიმე თვეში საზღვარგარეთ მივდივარ, რომ მომავალში ხშირი მივლინენები მექნება და ეს ძალიან მახარებს, რომ უფრო აქტიურად მოვეკიდე მოგზაურობას, ბევრ ახალ ქვეყანას და ადგილს ვნახავ… მაგრამ რატომღაც არ ვუთხარი. ეს ხომ ორივეს ნატვრა იყო.

“მე ცოლი მოვიყვანე”-მითხრა და დაელოდა ჩემს რეაქციას. როცა მივულოცე, ვუთხარი რომ ფეისბუქზე ვნახე და თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ბედნიერებას ვუსურვებ და მიხარია რომ ნახა მეორე ნახევარი-სრულიად გულწრფელი ვიყავი და მე ეს გამიხარდა. (ბოლო ბოლო დავადგინე, რომ უფრო გამხარებია ვიდრე გული დამწყვეტია.) მივხვდი, რომ მასაც გაუხარდა გუწრფელობა. თითქოს რაღაც მოეშვა.

“არ ვიცოდი როგორ მეთქვა, რამდენიმე თვეა გავიცანი, მაგრამ ხომ იცი ჩემი ამბავი, მეორედ იგივე შეცდომა არ დავუშვი”

გამიხარდა რომ ჩემი გაშვება შეცდომად თქვა. საუბარმა უფრო უშუალო ტონი მიიღო. საათებით ვილაპარაკეთ. ვილაპარაკეთ ყველაფერზე, რაც ამ ხნის მანძილზე მოხდა, მომიყვა ყველაფერი მის გოგოზე, მე მოვუყევი ჩემს სამსახურზე. გათხოვება რომ ჩემს გეგმებში არ შევა კიდევ 2 წელი ორივემ ვიცოდით და ეს ბანალური კითხვა არც დაუსვამს. გამიხარდა.

მერე? რამდენიმე დღე გავიდა. მისი ცოლი ხან სად აჩექინებს ხან სად იღებს მასთან ერთად სელფის, და მეცინება, ხომ ვიცი როგორ არ უყვარს ასეთი რამეები.

საინტერესო რამაა ფეისბუქი. შემიძლია სულ არ ვკითხო როგორაა და რას შვება-ისედაც ვხედავ. თითქოს, მისი ცხოვრების ნაწილი ვარ…  და ამ დროს-არ ვარ.

ილუზიების ცალკე დედამიწაა ფეისბუქი.

არაა კარგი, მაგრამ-საინტერესოა.

მე როგორ ვარ? Facebook status Updated- Tea moved in ***** (new wonderful town, with new life).

Log Out.

თეა.

be-free-bird-catch-me-fly-away-happiness-

ჰაერი

ყოველთვის მეშინოდა სიმაღლის. ბავშვობიდან. არ ვიცი რატომ, საიდან წამოვიდა ეს შიში.  არასოდეს დამავიწყდება პირველი წუთი, როცა გავიფიქრე რომ ეხლა მოვკვდებოდი. ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის,რომ სიკვდილზე მეფიქრა, მაგრამ გადმოვიხედე მაშინ იმ უზარმაზარი შენობის სახურავიდან, დავინახე ჭიანჭველასავით მოძრავი ადამიანები და გავიფიქრე, ნეტა რა შეგრძნებაა,რომ მიფრინავ.. მერე წარმოვიდგინე, როგორ გადავფრინდი…. მერე-როგორ დაიღვარა სისხლი ნაცრისფერ ტროტუარზე და როგორ ტიროდა დედა. და იმწამს დავანებე ამაზე ფიქრს თავი. რათქმა უნდა არავისთვის მითქვამს ამის შესახებ, სუიციდზე მაშინ არაფერი მსმენოდა, მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს ფიქრი არ იყო ნორმალური და ჯობდა ჩემთან დამეტოვებინა.

მის მერე ვერიდები სახლის სახურავებს და მიხაროდა რომ საკუთარ სახლში ვცხოვრობდი: არ მქონდა ცდუნება 12 სართულიანი კორპუსის სახურავზე ავსულიყავი.

არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი. მაგრამ მახსოვს ის შეგრძნება-რომ ვიყავი ბუმბული და შემეძლო გადავშვებულიყავი სადღაც უსასრულობაში. მანქანა სწრაფად მიდიოდა. სახურავი
გავხსენი და ხელები გავშალე. ჰაერი შლეგივით მივლიდა თითებს შორის, ვკვეთდი ცივ ჰაერს და ვაგრძელებდი გზას. მივფრინავდი. ყველაზე მაგარი შეგრძნება იყო.  როცა წინა სავარძელზე მჯდომმა მეგობარმა შემნიშნა-შეეშინდა და მანქანამ სვლა შეანელა. ძალიან დამწყდა გული. მომეწონა ჰაერი.

მერე მოგზაურობა დავიწყე, მაგრამ პარაშუტით გადმოხტომის მაინც მეშინოდა, პარადოქსი: მეშინოდა იმის, რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებდა. მაინტერესებდა გამეგო, რეალურადაც ასეdfe6204d4cc4615f279f6f815de5b5e4 მომეწონება გადმოხტომა და ფრენა, თუ უბრალოდ იდეა მეჩვენება საინტერესო და ამიტომ შევავსე რომანტიკით ეს აზრი.

ქარი მიყვარდა, ძლიერი ქარი. ვიცი რო სისულელეაო გაიფიქრებთ, აბა ვის მოსწონს ქალაქში ძლიერი ქარი, მტვერს რომ სახეში გაყრის, თმებში გიბურდავს, ლამისაა აბრა მოაგლიჯოს ბოძს და მოგხვდეს, თვალებს რომ ძლივს ახელ და მტვერი გეყრება..მაგრამ მე მაინც მიყვარს. ჰაერს ვგრძნობ და იმიტომ. არც აბურდულ თმებს ვისწორებ ხოლმე, რაკი ქარმა ასე გადაწყვიტა-დაე იყოს. არც არავის გაუკვირდება არეული თავი, ყველა ხედავს რომ ქარია.:)

ზღვის ბრიზი მიყვარს კიდევ. და მთების ციიივი ქარი. ძვლამდე რომ გაგატანს. ძალიან სუფთა რომაა, იმდენად სუფთა,რომ ნამდვილი ჰაერის გემოს გრძნობ. გიგრძვნიათ ჰაერის ცივი გემო?

ტურისტულიდან წამოსვლის მერე მხოლოდ ერთი კონტაქტი ამოვიწერე ჩემთვის-პარაგლაიდინგის. მაგრამ მაინც ვერ გავბედე დამერეკა და ამის გამო მე მერე ვერ ვიტანდი ჩემს თავს.

შიში, საოცარი შიში მაქვს სიმაღლის და რაც არ უნდა მიყვარდეს ჰაერი და ფრენა-ამ შიშს  ვერაფერს მოვუხერხებ.

ალბათ, შენც  გაქვს ერთი რამ, რაც საოცრად გინდა გააკეთო მაგრამ არ აკეთებ,  რაღაც მიზეზების გამო. თუმცა, იცი რომ ეს ყველაფერი მიზეზებია. რომ გინდოდეს-მაინც გააკეთებდი, მაგრამ არ აკეთებ და იტოვებ ამ სურვილს თქვენთვის.. აი, როგორც მე. სიმაღლის შიში მაჩერებს რომ ჰაერი სრულად შევიგრძნო ..  ^^

ეს არაა ჩემი პირველი შიში. პირველი -წყლის შიში იყო, რომელიც გადავლახე (სამ თითქმის დახრჩობად დამიჯდა ეგ ამბავი :დ) ამიტომ, ალბათ ამ შიშსაც მოვუხერხებ რამეს.

მანამდე კი, ისევ ქარს მივენდობი, მანქანის სახურავს გადავხსნი რომ ჰაერმა გამიაროს სხეულში სრულად და ვიოცნებებ, რომ ერთხელ, პარაშუტ აკიდებული გადავეშვები უსასრულოდ დედამიწაზე..

62b4a7f14bf2854383e7c6c4e593f8cd

 

 

 

ის ბიჭი და მე

ის ბიჭი ჩემს კურსელს ხვდებოდა, კარგი ფოტომეხსიერების წყალობით ვიცანი და ამიტომ გავუსწორე თვალი იდეაში- უცნობ ადამიანს, როცა პირველად გავედი ახალი სახლიდან სამსახურში. სასიამოვნო მუსიკა თბილად იღვრებოდა სისხლში და წვიმიანი გზაც მელოდიური ჩანდა. თვალი გავუსწორე, მექანიკურად გამეღიმა და მის გვერდით ერთადერთ თავისუფალ ადგილას მოვკალათდი. სანამ ყურსასმენებს ვასწორებდი- უკვე გავიხსენე დეტალებში, საიდან ვიცნობდი მას. გახსენებაზე კიდევ ჩამეღიმა და მარცხენა ლოყაზე მისი მზერა ვიგრძენი. მიხვდა რომ ვიღიმოდი და აშკარად უფრო გაუღვივიდა ინტერესი. რამდენიმეჯერ მალულად შემავლო თვალი, სრულიად ბუნებრივია რომ-ვერ მიცნო და მხოლოდ ქურდული წამიერი მზერით მახსენებდა, რომ გვერდით ვიღაც იყო. ჩემზე ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვიდა და იქვე მდგარ უზარმაზარ შენობაში მიიმალა.

მეორე დღესაც შემხვდა, ეხლა გაჩერებისკენ იყურებოდა და ასვლამდე დამინახა გაჩერებაზე მდგარი. მეც დავინახე, ძნელი იყო არ შეგემჩნია-საოცრად მეტყველი თვალები აქვს. ამჯერად ridingbus1“single” სავარძელზე მოვიკალათე და ყურსასმენებს წავავლე ხელი. მექანიკურად გავხედე და თავი ვერ შევიკავე-ისევ გამეღიმა. თავი სასწრაფოდ მოვაბრუნე. “ან ფიქრობს რომ მიცნობს, ან გონია ვეპრანჭები, ან საერთოდ, გიჟი ვგონივარ :D” -გავიფიქრე და  საშინლად დამაინტერესა რას ფიქრობდა. “ნეტა სად ცხოვრობს”-დავინტერესდი უცებ. ჩუმი და უწყინარი  “კატა-თაგვობანა” მიყვარს და ავყევი თამაშში. ისევ იქ ჩამოვიდა, სადაც წინა დღეს და ენერგიულად შევიდა უზარმაზარ შენობაში. ასე გრძელდებოდა რამდენიმე კვირა. როგორც კი დათბა და ჩემი სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდა (ავად ვიყავი)-ისევ ჩვეულად, სამსახურის გზას დავადექი (ჩვეულება რჯულზე ძლიერია თუ როგორღაც). სავსე ტრანსპორტში ფეხე მდგომი მუსიკას მივენდე როცა ვიგრძენი  მზერა ლოყაზე. მზერა ვიცანი: ის იყო, ამჯერად-მოეცა საშუალება პირდაპირ შემოეხედა ჩემთვის და ხელიდან არ გაუშვია ეს შანსი. ეხლა ის ბიჭი იღიმოდა უცნაურად და არ მაშორებდა თვალს. როცა ტრანსპორტში ხალხი შეთხელდა და ადგილი დავიკავე-ჩემს უკან მოკალათდა, ისევ ვიგრძენი მისი მზერა კეფაზე. არ მეგონა ასეთ ინტერესს თუ გამოიწვევდა ჩემი მექანიკური ღიმილი და ამან დამაფიქრა, მხოლოდ წამიერად.

ქუჩა უცებ გადავჭერი და შენობაში შევედი, დილით ოფისში სიწყნარეა, როგორც წესი-პირველი მე მივდივარ. ამიტომ არ ველოდი უკან მოყოლილ ნაბიჯების ხმას. მოვიხედე და დანანახმა უფრო გამაკვირვა-ის ბიჭი იდგა დაბლა, ისევ იმ უცნაური  და ასეთი მომხიბვლელი ღიმილით მიღიმოდა. არ ვიცი რატომ, გავჩერდი და ისიც ჩემს წინ აიტუზა. კითხვა ჩემს თვალებში აშკარად ჩანდა და პირდაპირ იმ თემიდან დაიწყო.

“რატომ მაქვს შეგრძნება რომ გიცნობ?”

“მეც ეგრეთი შეგრძნება მაქვს.”

“ვერც შენ იხსენებ ხომ, საიდან?”

“მარი დუმბაძე”-ვეუბნები და თვალებში ეტყობა რომ გაიხსენა. მეღიმება.

“მაპატიე, არ უნდა მოგშტერებოდი უცხო ადამიანს, არ გიცნობ. უბრალოდ გცნობ-ვუთხარი და საუბარი დამთავრებულად ჩავთვალე.

“მე რა აღარ ვიფიქრე”-ამბობს და ეცინება. წარმოივიდგინე რას აღარ იფიქრებდა და მეც გამეცინა.

“ეხლა სასაცილოდ ჩანს მართლა”.

“უნდა წავიდე”-ვეუბნები და თითქოს ამის დასადასტურებლად კლაჩს უფრო ვიხუტებ.

“ჰო, მეც. სამსახურის მერე რომ მოგაკითხო და ცოტა ვისეირნოთ?”- მიაყარა უცებ. როგორი მეტყველი თვალები აქვს. სულ დამავიწყდა და მექანიკურად ისევ გამეღიმა. ღიმილი დასტურად მიიღო “აბა დროებით მაშინ”-გამიღიმა ისევ იმ ლამაზი ღიმილით და პასუხს არ დაელოდა, წავიდა.

“სტრანნო”-გავიფიქრე და მერე გამახსენდა, რომ ეს მე წამოვიწყე უცნობ ადამიანთან უსიტყვო ურთიერთობა. ”ნწ, ხვალიდან 10 წუთით გვიან გავდივარ სამსახურში.”-დავასკვენი.

საღამოს შესასვლელთან დამხვდა, ტელეფონში საქმიანი სახით იქექებოდა რომ დავინახე. ესე უფრო მომეწონა, საქმიანი. დილით გადავწყვიტე დღეს ბოლო მომეღო კატათაგვობანასთვის და მტკიცედ გავეშურე მისკენ. უცებ, მაგრამ დაკვირვებით შემათვალიერა. ”წავედით?”-უფრო მკაცრად გამომივიდა ვიდრე მინდოდა. ”ჯერ კორპორატიული სახე ჩამოიღე და ისე”-გამიღიმა თავისი თავდაჯერებული ღიმლით. გამეცინა. კიდევ ერთხელ ვიფიქრე რომ კარგი ღიმლი აქვს.

”მარისთან კიდევ გაქვს კონტაქტი?”-მეკითხება და ტელეფონს ჯიბისკენ აქანებს.

”არა, უნივერსიტეტის მერე დავიშალეთ”

”ჰო, ფაქტიურად ჩვენსავით”-დააყოლა. აღარ ვკითხე დეტალები, რა ჩემი საქმეა.

”რა იფიქრე პირველად, რომ დააფიქსირე რომ შენ დანახვაზე გამეცინა?”

”ჯერ ვიფიქრე რომ გიცნობდი, მერე ვიფიქრე რომ ვიღაცის ან ცოლი ხარ-ან შეყვარებული, ან ძველი სამსახურის თანამშრომელი, და ისეთ პონტში გიცნობდი,  მეეეერე….”-გაეცინა.

”გიჟი გეგონე არა?”

”ცოტათი. აბა დაუკვირდი, ყოველდღე ამოდიხარ მარშუტკაში და ვიღაც გოგო შენ დანახვაზე ეგრევე იღიმება, მთელი გზა ჩუმად გიყურებს, ხმას არ გცემს.. ნაცნობები ეგრე არ აკეთებენ. თან რაღაც კარგი ღიმილი გაქვს, მიმზიდველი, არ შემეძლო არ შემომეხედა მეც.”-დააყოლა და თვალებში მიყურებს, ჩემს რეაქციას ელოდება.

”ჰო, ასეც ვიფიქრე რომ გიჟი გეგონებოდი, მაგრამ თუ უკან გამომყვებოდი დილით-ნამდვილად არ მეგონა.”

”კარგია ეს?”

”მმმ… საინტერესოა.”

”და შენ რა იფიქრე ჩემს დანახვაზე?”

”ეგრევე გიცანი სახეზე. სანამ მუსიკას ჩავრთავდი, უკვე გავიხსენე ვინ ხარ, საიდან გიცნობდი.. მოკლედ- ყველაფერი…და დამაინტერესა ეხლა როგორ ხარ. მერე, რო შევამჩნიე რომ შენც მიყურებდი ხოლმე და მიღიმოდი, დამაინტერესა რას ფიქრობდი ჩემზე. ვივარაუდე რომ ან ყოფილი გეგონე, რომელიც არ გახსოვს, ან-გიჟი.”

”ჰო იყო ვარიანტები”-გვეცინება ორივეს. მერე საუბარმა რაღაც უშუალო გზა მონახა და ვერც გავიგე, როგორ გავიდა დრო.

”მოკლედ, თუ კიდევ მნახავ, არ გეგონო გიჟი რა”-დავაყოლე  ბოლოს.

“რომ გნახავ, არ მეგონება, უკვე მეცოდინება”-ამბობს და ორივე ვიცინით.

და მას შემდეგ, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალი გზა არასოდეს ყოფილა ძველებურად  მოსაწყენი.

თეა

a94ea98b8bba2f55f0eec0cd0758e626

ჩანახატი.

“სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ორი წლის შემდეგ?”

“სასაფლაოზე”.

უხერხულში აგდებს პასუხი და ჰგონია მოესმა. ნაძალადევი ღიმილით ფარავს უხერხულობას და ისევ უსწორებს თვალს.

“ბატონო?”

“მე არ მგონია დიდხანს ვიცოცხლო. ვერ ვხედავ აზრს,ჩემი ცხოვრებისას, შესაბამისად, “წარმოდგენით”-სასაფლაოზე წარმომიდგენია.”-ჩვეულებრივად მიუგო გოგონამ.

ინტერვიუერი საბოლოოდ გახევდა.

“მე მესმის, არც თუ ისე სტანდარტული პასუხია, მაგრამ მაინც, ეს სიმართლეა. მე არ შემიძლია გითხრათ, რომ მინდა ათი წელი თქვენთან ვიმუშაო, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვიმუშავებ. მე გეტყვით, რომ კარგი თანამშრომელი ვარ, მიყვარს მუშაობა და პლუს, ხელფასი მექნება, ეს კი, გაცილებით სასიამოვნო პერსპექტივაა ვიდრე ლოდინი, რომ ორი წლის მერე სასაფლაოზე ვიყო.”

გოგონა ჩუმად მიუყვებოდა გზას. შემოდგომის სითბო სასიამოვნოდ ელამუნებოდა სახეზე. სითბოს მონატრებულს სიამოვნებდა მზე და ყურადღებით აკვირდებოდა გარემოს. თითქოს დიდი ხნის ძილის შემდეგ გამოიღვიძა-ისეთი შეგრძნება ჰქონდა.  სუპერმარკეტში სასურველი პროდუქტი შეიძინა და სახლის ვიწრო ქუჩას აუყვა. “მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება..”-ისმოდა ენერგიული დიქტორის საუბარი ჯიხურიდან. უსიამოდ აუარა გვერდი ჯიხურს. სახლის კარი შეაღო. იქვე ჩაძინებულ ფისოს გაეღვიძა და პატრონის დანახვაზე დაიწუწუნა საჭმელზე. “ჰო, მოვალ ეხლავე”-გაეცნაურა ფისოს და კარი შიგნიდან გადაკეტა. ჩაბნელებულ სახლში ერთი სინათლე აანთო და გამათბობელი მაინც არ ჩართო.

“ბატონო?”-დაბნეული მოსაუბრე ცდილობს ადეკვატური რეაქცია მოუნახოს.

“მე არ მგონია დიდხანს ვიცოცხლო. ვერ ვხედავ აზრს..”-დატრიალდა გონებაში ფირი და გაეღიმა გახსენებაზე.

02427e5988f749ac514db71cfcec42d3ინტერვიუდან ცოტა ნაწყენი გამოვიდა. დიდს არაფერს ელოდა, მაგრამ მაინც, გულის კუნჭულში მიმალული იმედი მაინც ქონდა, რომ კარგი პირობები იქნებოდა. ინტერესით გახედა სხვა გოგოებს: მაღალი ქუსლები, კლაჩი, მაკიაჟი, სპეციალურად დასწორებული, დახვეული-გადაწეული თმები.. ისინი ისე გვანდნენ ერთმანეთს.. ვიტრაჟში საკუთარ თავს ჩახედა- თვალი შეავლო საშუალოზე მომაღლო, თხელ გოგონას, რომელსაც სადად და გემოვნებით ეცვა.ჩანთა ჩამოუვარდა და ბეჭზე ლამაზი ტატუ გამოუჩნდა. ტომარასავით დიდი ჩანთა შეისწორა ბეჭზე, გაუხარდა რომ მათ არ ჰგავდა და გზას გაუდგა სახლისკენ. კარგი სამსახური ჰქონდა: სახლიდანაც შეეძლო მუშაობა და ამ შანს აქტიურად იყენებდა კიდეც. გასაუბრებებზე ისე დადიოდა, თავის მოსასინჯად, და თუ რამე უკეთესს შესთავაზებდნენ-არც ამის წინააღმდეგი გახლდათ. უკვე მიეჩვია მარტო ყოფნას. დამოუკიდებლობას. უკვე ოთხი წელი გადიოდა გაზაფხულზე რაც მარტო იყო.  მას შემდეგ რაც მშობლები დაეღუპა,  თვითონ იკვლევდა გზას ცხორვებაში. 21 წლისთვის უკვე ჰქონდა სტაბილურად სახლი, მეტნაკლებად სასიამოვნო სამსახური, და ფისო, რომელიც ერთხელ მოვიდა მასთან სახლში და მის მერე გადაწყვიტეს რომ ერთად ეცხოვრათ. ფისოს საჭმელი დაუყარა თეფშზე და წყალი გამოუცვალა. მადლიერი ფისო დააცხრა თეფშს. მადუღარა წუთში წამოდუღდა.

“ბატონო?” -დაბნეული მოსაუბრე ცხიდლობს ადეკვატური რეაქცია მოუნახოს.

“მე არ მგონია დიდხანს ვიცოცხლო. ვერ ვხედავ აზრს”…. “ვერ ვხედავ…აზრს”.

უსიამო ფიქრების მოსაშორებლად თავი გააქნია. “რამდენი ცხოვრობს უაზროდ და არ დარდობენ. მე რა მეტაკა”-გაუბრაზდა თავს. “დეპრესიული ვარ”.  სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და მოეჩვენა რომ მისი აზრები გაეხვა კვამლში. “ეს მე მინდოდა ასე, ასე სჯობს”-უთხრა მის თავს, წამოფუღფუთებული აზრების დასამშვიდებლად და ეხლა სხვა ფირი დატრიალდა გონებაში.

“არ წახვიდე”- ლაშას თვალები ახსოვს ყველაზე კარგად, თვალები და ხელები.

“არ წახვიდე”-იმდენად რეალურად წარმოიდგინა, რომ მოეჩვენა ბიჭი ზურგსუკან ედგა და ეუბნებოდა.

“ასე აჯობებს ორივესთვის”-გაახსენდა მისი პასუხი, ემოციას მოკლებული. ახსოვს, რატომ იყო ასეთი უემოციო მაშინ, იმიტომ რომ გული ჰქონდა გატეხილი. მაშინ მეორედ დატოვა უკანმოუხედავად მისი სამყარო. ოღონდ, მეორედ უფრო მტკივნეული იყო.

“არ წახვიდე”-გაუმეორდა გონებაში მისი ხმა. მისი სუნამოს სუნი თითქოს შეიგრძნო და ტანზე დასუსხა. ენატრებოდა ლაშა. “სჯობს თუ შორს იქნება ჩემგან”.

კატა კალთაში რბილად ჩახტა და პატრონს თვალებით მოფერება თხოვა. ფისოს გაუღიმა და ნაზად გადაუსვა ხელი. “ლაშას ალერგია ჰქონდა ცხოველებზე, შენ ვერ მოგიყვანდი, ლაშა რომ ყოფილიყო”-უთხრა ფისოს და ტელეფონს დახედა. თითქოს ეს იყო გამართლება ბიჭთან დაშორების. სიგარეტს მოუკიდა და ორი წამით ისევ კვამლში გაეხვა. ფისო კალთიდან ჩახტა. “მართალი ხარ, არაა კარგი მოწევა”-მიმართა ფისოს და ისევ ტელეფონს დახედა, თითქოს ვინმეს ზარს ელოდა. იცოდა ვისი ზარიც გაახარებდა, მაგრამ გულშიც არ უტყდებოდა თავს. სიგარეტი საფერფლეზე დადო და თვალები დახუჭა.

“ვერაა სახარბიელო მდგომარეობა, საფუძვლიან გამოკვლევებს საჭიროებს”-გაახსენდა ექიმის სახე.

“მაინც? რა სახის გამოკვლევები?”

“ამასთან ბრძოლა შეიძლება, შეიძლება აკონტროლოთ, რეჟიმში გქონდეთ, ეს რეალურია, თქვენ ჯერ ახალგზრდა ხართ და სხეული უფრო მაგარი გაქვთ, ვიდრე ასაკიან ხალხს.”

“მაგრამ ასეთი რამეები არ სჭირთ ახალგაზრდებს”-მშვიდად მიუგო გოგომ და გონებაში გადაითვალა რამდენი რამ სჭირდა.

“მართალია, მაგრამ მაინც, მე გირჩევდით”…

აზრი შეუწყდა.

“არ წახვიდე”-ისევ ამოუტივდივდა გონებაში ბიჭის ხმა.

“ჯანდაბაა”-გაუწყრა თავს. მტკიცე ხასიათის გოგო ვერაფერს უხერხებდა საკუთარ გულს და ეს აბრაზებდა. ყავა დაილექა ჭიქის ფსკერზე.

“მოვედი.”-გაისმა წყნარი დაბალი ხმა, რომელსაც კარის წკაპუნი მოყვა. თვალები გაახილა და ვერ დაიჯერა რასაც ხედავდა. კარში ლაშა იდგა.

“გასაღები უნდა გამოგერთვა ჩემთვის”- თქვა ისევ ბიჭმა და გოგოს გამომცდელად შეხედა.  გოგომ რამდენიმეჯერ დააფახულა თვალები და დარწმუნდა, რომ ბიჭი არ ეჩვენებოდა. ნერწყვი ნერვიულად გადაყლაპა.

“ეს გასაღები შენია, შენი სახლის და რატომ უნდა გამომერთვა.”-უპასუხა და თვალებში შეხედა ბიჭს. ლაშა ნელა წამოვიდა სასადილო ოთახში. ყოველ მის ნაბიჯზე გოგოს სიხარულით უფრო მაგრად უცემდა გული.

“მე ხომ შენთვის მინდოდა კარგი”- დამნაშავესავით ახედა ბიჭს, რომელიც უკვე მის წინ ატუზულიყო. პასუხად, ბიჭმა ხელები მაგრად მოხვია და აკოცა.

“ჩემთვის კარგი მხოლოდ შენ ხარ და მეტი ვარიანტი არ არსებობს.”

გოგოს გული საგულედან ამოხტომას ცდილობდა. მოსაღამოვდა. პატარა სახლში ნაცრისფერის მაგიერ, ატმისფერი დატრიალდა.  თითქოს დათბა კიდეც. კარს უკან ქარი გაყვითლებულ ფოთლებს გლეჯდა ხეებიდან.

 

ბედნიერები იყვნენ.

 

თეა

9bb3a65b7d284e9369be9082036b323f

 

რა იქნებოდა რომ..

რა იქნებოდა რომ სხვა ქალაქში დავბადებულიყავი? არა, საქართველოდან გაქცევა არ მინდა და არ ვწუწუნებ:) აი რა იქნებოდა რომ არ მეცხოვრა თბილისში და მეცხოვრა სადმე სხვაგან, ქუთაისში, ბათუმში, ან რავიცი, 7c7b62d2d5d1216f82f4b85db1debdf0ლაგოდეხში მაგალითად.

რა იქნებოდა, სხვა სკოლაში რომ მევლო, სხვა მეგობრები მყოლოდა, სხვა მისწრაფება გამჩენოდა და საერთოდ, სხვა განხრით ჩამებარებინა? რა ხალხს შევხვდებოდი იქ? შევხვდებოდი კი უფრო მეტ საინტერესო ადამიანს თუ არა? გავყვებოდი ცეკვას? რა ინტერესები მექნებოდა? გამოვიდოდი მწერალი? მოცეკვავე?….

რა იქნებოდა, რომ სხვაგვარად მიმეღო გადაწყვეტილება, როცა ორი ვარიანტი ორი სხვადასხვა გზის არჩევას ნიშნავდა? რა იქნებოდა, რომ ამერჩია სხვა გზა, და არა ის, რასაც ეხლა მივყვები? სად მიმიყვანდა ის გზა? ვიქნებოდი უზომოდ ბედნიერი? თუ ისევ, ეჭვი დამიღრღნიდა გულს და ვიფიქრებდი პარალელურ სამყაროზე, სადაც მე ვიცხოვრებდი იმ მეორე არჩევანით, რომელიც არ ავირჩიე აქ?

რა იქნებოდა, რომ ახლოს ვყოფილიყავი ადამიანთან, ვინც ასე ძვირფასია ჩემთვის? როგორ განვითარდებოდა მოვლენები, უფრო ახლოს რომ ყოფილიყო და უფრო ხშირად გვენახა ერთმანეთი??

როგორ ცხოვრობს მეორე მე, იქ, სადღაც, პარალელურ სამყაროში? საერთოდ, თუ ფიქრობს ჩემზე ისე, როგროც მე ვფიქრობ მასზე?

ალბათ ფიქრობს, ის ხომ მე ვარ, მე კი ნამდვილად ვიცი რომ ვიფიქრებდი.

რა იქნებოდა, რომ.. რა იქნებოდა..

ინტერესი მკლავს გავიგო.ერთი წამით გადავიჭყიტო და დავინახო იმ მეორე გზის ბოლო. სუულ ერთი წამი. ალბათ, როცა არ ხარ დარწმუნებული შენს არჩევანში მაშინ გეპარება ეჭვი, თორემ ისე, გეცოდინებოდა რომ უეჭველი სწორად აირჩიე ცხოვრება და არაფერია დასანანი. იქნებოდი კმაყოფილი და ბედნიერი.

არის მომენტები, (საკმაოდ ხშირად თანაც) როცა ვფიქრობ, რომ ყოველთვის ასე გავაკეთებდი არჩევანს, ყოველთვის იგივე ნაბიჯებს გადავდგამდი.. იმიტომ რომ მე მომწონს ის, რაც გავაკეთე ჩემი ცხოვრებისგან, მიუხედავად ყველა ნაგვისა, რაც “სპამად” წამომყვა:) მაგრამ ამ ყველაფერმა, კარგმა და ცუდმა შემქმნა დღევანდელი მე და ეს მთლიანად ვარ მე…… და მე ეს მომწონს….  გესმით ჩემი?

და მაინც, როცა უფრო მეტი დრო მაქვს ფიქრისთვის, მაინც მკლავს ინტერესი გავიგო, ერთი წამით გადავიჭყიტო პარალელურ სამყაროში, სადაც სულ სულ  სხვანაირი მე ვარ.

ჰოდა მაინც, რა იქნებოდა რომ????….. რა იქნებოდა…

tumblr_mntoa6NXcZ1snq400o1_500

თეა

ბედნიერი.

ყოველთვის გეუბნებოდნენ, რომ შენგან კარგი მოცეკვავე  დადგებოდა. საბედნიეროდ, ტანი გამოგყვა და  ოცნებამ აგანთო-რომ გამხდარიყავი კარგი მოცეკვავე და სახელმწიფო ანსამბლში გქონოდა ქართულის სოლო.

დედამ შეგიწყო ხელი: პირველი კლასიდანვე შეგიყვანა მუსიკაზე , სიმღერაზე და -ცეკვაზეც. გაკვეთილების მერე სულ დარბოდი დამატებით წრეებზე, აქტიური ბავშვი იყავი და ეს აქტიობა არც მოზარდობისას დაგეკარგა.

ცეკვაზე გაყოლა საბოლოოდ მეცხრე კლასში გაახმაურე. ისედაც იცოდნენ, რომ ცეკვა შენი მოწოდება იყო, მაგრამ მაინც, დედა ფიქრობდა რომ უნივერსიტეტში სხვა სფეროს აირჩევდი. ხელოვნებათმცდონის დიპლომი აიღე.

პირველივე კურსიდან გამოძებნე ანსამბლი და დაიწყე ისევ ცეკვა. მალე-შეგამჩნიეს და უკეთეს ანსამბლში გადასვლა შემოგთავაზეს. პირველად აიღე ხელფასი იმ საქმეში,რაც გიყვარს და შენზე ბედნიერი არავინ იყო.

მომავალი ქმარიც-მორიგი კონცერტის მერე გაიცანი. მოეწონე ქართულ კაბაში გამოწყობილი მოცეკვავე. შენც მოგეწონა: წარმოსადეგი, სიმპათიური, ქართული ცეკვის დიდი მოყვარული.

მალე დაქორწინდით. ამაყობდა ასეთი კარგი ცოლი რომ ჰყავდა, ყოჩაღი და ლამაზი. შენც ეს გსიამოვნებდა. გიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.

მერე-ქმარმა გითხრა რომ არ უნდა იცეკვო, რომ არაა საჭირო სხვა კაცებმა გიყურონ მოცეკვავეს.-შენ იფიქრე რომ ოჯახი მსხვერპლს მოითხოვს და გულისტკივილით დათმე.

მერე-გითხრა, რომ არ უნდა იცვამდე ისე-როგროც იცვამ. შენი სხეული არაა სხვების თვალის სეირი და მოკლე შორტი ან მომდგარი კაბა არ შეშვენის გათხოვილ ქალს. თუნდაც ის 23 წლის იყოს და თუნდაც უღმერთოდ ლამაზი ფეხები ქონდეს.

მერე-ბავშვი გააჩინე და სწრაფადვე დაიბრუნებდი წონას, მაგრამ გითხრა, რომ ბავშვს უნდა მიხედვა და არაა საჭირო დარბაზში სატინგიცოდ სიარული.

მერე – გითხრა, რომ თვითონ საკმარისად შოულობს ფულს და არაა საჭირო მისი ცოლი ბავშვებს ცეკვას ასწავლიდეს.

მერე-გითხრა, რომ ტანსაცმლის საყიდელი ფული-მისი ფულია და რასაც ის თვლის საჭიროდ, ის უნდა იყიდო. შენ კიდევ იფიქრე, რომ ტანსაცმლისგან პრობლემის შექმნა არ ღირს და ისევ დათმე.

მერე- ხშირად მთვრალმა დაიწყო მოსვლა და შენს საყვედურებზე უხეშად მიგითითებდა შენს ადგილს.

ბედნიერი ქალი გერქვა სხვების თვალში: საყვარელი ქმარი გინახავდა, კარგი მამა იყო, მორწმუნე და წესიერი კაცი. დიდი სახლი გქონდა  და არანაირი საზრუნავი.

მერე შენი ცხოვრება იქცა ერთფეროვნად.

და შენ თავი დაკარგე.

არადა, ყოველთვის გეუბნებოდნენ, რომ შენგან კარგი მოცეკვავე დადგებოდა…

6cdfa48be31b39e407d44a164bba51f0

Beautiful

დილით ისევ სასწორზე დგები და წარბებს იჭმუხნი. სასურველ ციფრამდე ვერ მიდიხარ. ამ ბოლო დროს წონა “გაიყინა” რაღაც. ვეღარ იკლებ, ფიქრობ რომ დროებითია და მალე ისევ წავა კლება, მაგრამ კვირა გადის და უშედეგოდ. კუჭთან უსიამო შეგრძნება გეუფლება. “იჟოგა”-ფიქრობ და წყალს სვამ. განიერ ზედას იცვამ შარვალზე და სარკეში უკმაყოფილოდ იყურები. “რა უბედურებაა”. საუზმობ ერთი ცალი იოგურტით და სახლიდან გადიხარ ბოთლი წყლით ხელში.

უკვე რა ხანია ცდილობ შენს სასურველ წონას მიუახლოვდე. არ გსიამოვნებს, როცა მაღაზიაში 42+ ტანსაცმელს ათვალიერებ, როგორ გიყურებს კონსულტანტი. კიდევ ერთი ზომით დიდს ითხოვ რომ მოგიტანონ და თან გრცხვენია, ესეც რომ არ ჩაგეტიოს. იტყვიან რომ გასკდა ჭამით, უთავმოყვარეო გოგოაო. მაღალი ხარ, მაგრამ აი წონა გიქმნის პრობლემას. გამხდარი არასოდეს გერქვა, მაგრამ ზედმეტი წონისგან არ გქონია დისკომფორტი ამ გაზაფხულამდე, როცა შემოდგომის ტანსაცმელი აღარ ჩაგეტია: უცებ გამოჩენილმა დაავადებამ იმოქმედა და შენთვის შეუმჩნევლად მოიმატე, საკმაოდ.

“მარშუტკაში” სკამებს შორის გაჭირებით გადიხარ და მოუხერხებლად ჯდები სავარძელზე. გვერდზე მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი იშმუშნება. გრცხვენია რომ შეავიწროვე ადამიანი და ვერ ეტევი ერთი ადამიანისთვის განკუთვნილ სკამზე. სამსახურში კონტეინერით გაქვს წაღებული დიეტური სადილი, ამიტომ დიდი ჩანთა დაგაქვს.კლაჩი შენი ვარიანტი არაა.

მაღაზიებში შესვლა აღარ გიყვარს, ბეჭდებიც კი აღარ გეტევა შენი ზომა. ახალი აქსესუარია საყიდი. “მოვიკლებ და ისევ ლამაზი ვიქნები” ფიქრობ და არ გსიამოვნებს შენი ამჟამინდელი წონა. ფაქტიურად, მთელი ცხოვრება ააგე იმაზე, რა ციფრი უნდა იყო სასწორზე. დედა ცდილობს დაგეხმაროს და გახსენებს, რა კარგი იყო ამაზე გამხდარი რომ იყავი. გეუბნება, რომ ეს ზედა აღარ გიხდება და რომ სჯობს გრძელ კაბებზე გადახვიდე. შენ ეს კიდევ უფრო გთრგუნავს და კომპლექსდები. ბიჭები ისე აღარ გეპრანჭებიან, და თუ გეპრანჭებიან-დაკომპლექსებული ხარ და პირდაპირ ფიქრობ, რომ არ მოსწონხარ და უბრალოდ ერთობა, დრო გაჰყავს ან რაიმე. არ თვლი რომ ლამაზი ხარ. პირიქით, გგონია რომ საშინლად გამოიყურები და მეგობრებს რცხვენიათ შენთან მოძრაობა.

მუდმივი დიეტების გამო კუჭი უკვე დაიზიანე და ეხლა წამლებს სვამ, რომ აღიდგინო ჯანმთელობა. წამლები კიდევ უფრო გამატებინებს წონაში და კიდევ უფრო ითრგუნები. სპორტდარბაზში ფეხები მალე გეღლება და გტკივა: “უნდა მოიკლო და ეგრევე გაგივლის” -გეუბნება იდეალურ ფორმაში მყოფი ტრენერი გოგო და შენც ზომბირებული იმეორებ: “უნდა მოვიკლო”.

არცერთ სურათში არ მოგწონს შენი თავი, მხოლოდ ისეთ სურათებს დებ, სადაც ნაკლებად ჩანს სხეული. არადა, ლამაზი გოგო ხარ. უბრალოდ ზედმეტი წონით. Normal-სტადიიდან  Chubby-ში გადაინაცვლე.

ისე ვერ იცვამ როგორც გინდა. გიყვარს გოგოები მოკლე შორტებში, მაგრამ შენ მხოლოდ შარვლების და გრძელი კაბის ჩაცმა შეგიძლია. ან-მაქსიმუმ-მუხლს ქვემოთ კაბა. გემოვნება გაქვს და ხვდები, რომ მოკლე შორტი არაა რეკომენდირებული ზედმეტი წონის ადამიანზე.

როცა ორი ათეული ან მეტით ხარ გადაცილებული შენს ნორმას, სიმაღლის/ასაკის გათვალისწინებით-ვიზუალურადაც უფრო დიდი ჩანხარ. შენს ბავშვიან მეგობართან ერთად შედიხარ ბავშვის მაღაზიაში და კონსულტანტები შენ გირჩევენ, რა უყიდო შვილს. არადა, მეგობარი ელოდება ბავშვს. კომპლექსდები, მაგრამ მეგობართან ხუმრობაში გადაგაქვს და ხალისობთ ამ გაუგებრობაზე. ჯერ კიდევ გაქვს იმედი რომ მოიკლებ და ჯერ კიდევ გგონია რომ სიგამხდრესთან ერთად მოვა ბედნიერება.

ყოველი ჭამის მერე გულს ირევ, წამლებს სვამ, დიეტაზე ხარ, დარბაზში დადიხარ, “სწორი კვების რეჟიმში” ცხოვრობ, თავს იავადებ და ათას საეჭვო დიეტას ცდი საკუთარ თავზე იმიტომ რომ სასწორმა სასურველი ციფრი აჩვენოს, იმიტომ რომ კონსულტანტმა მაღაზიაში არ გითხრას ირონიულად “ეს თქვენს სტილზე არაა გათვლილი”, და ტანზე შეგათვალიეროს, იმიტომ რომ სამსახურში შენც გითხრან კომპლიმენტები სახის ქვემოთ ნაწილებზე,  იმიტომ რომ მოკლე შორტი ჩაიცვა შენც და არ შეგრცხვეს კაფეში შესვლა, ან-ნაჩქარევად გზაში წახემსება სხვების მზერების გამო, იმიტომ რომ… ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

დაკომპლექსდი, სტრესში ხარ, იძაბები, ჯამრთელობას იფუჭებ. ნატვრით შესცქერი გამხდარ გოგოებს და გინდა მათსავით იყო. უყურებ რეკლამებს, ათასი საშუალების რეკლამას, რეალითი შოუებს, ფილმებს, მუსიკალურ კლიპებს, გამხდარი გოგონებში ათასში ერთხელ თუ შეამჩნევ პუსკუნას, ათვალიერებ ფიტნეს გვერდზე სურათებს, კითხულობ ადმინის დაწერილ სტატუსებს, როგორი კარგია იყო გამხდარი და როგორ უნდა გახდე, უყურებ ბლოგებზე როგორ მოიკლეს სხვებმა და ეხლა რა ლამაზები  და ბედნიერები არიან და ფიქრობ რომ შენც ეს გინდა, და რომ მოიკლებ-იქნები ბედნიერი, ფიქრობ რომ შენც შეძლებ,უბრალოდ არა ასე მალე…

შენ უბრალოდ დაკომპლექსდი… ესაა პრობლემა, და არა შენი წონა.

და ამ ყველაფერზე ფიქრში გავიწყდება ყველაზე მთავარი: შენ ლამაზი ხარ.

თეა

f57dd33d6eaf0edc994ae3e5d8c43145

 

 

ნამდვილი სახე

არასოდეს მისაუბრია რატომ გავაკეთე ბლოგი, ან რატომ ვარ ასე კატეგორიულად ანონიმური ბლოგერი, არ ვიცი აქამდე რატომ არ ვწერდი, ეხლა უბრალოდ მომინდა მოგიყვეთ..

წერა ყოველთვის მიყვარდა. ჩემი საწერი ასფურცლიანი ყოველთვის თან დამქონდა, და როცა მუზა “შემომიღიტინებდა”-ვწერდი. ვწერდი იმიტომ, რომ ემოციურად დავცლილიყავი წამში და ისევ ავვსებულიყავი მეორე წუთიდან ახალი ენერგიით. იმიტომ, რომ თავში აზრები დალაგებულიყვნენ, იმიტომ რომ იქ, ჩემს მოგონილ სამყაროში ყველაფერი ისე სრულდებოდა-როგორც მე მინდოდა და ყველაფერი გაცილებით მარტივი ჩანდა..

გარდატეხის ასაკში- მოკლედ რომ ვთქვათ, მჯეროდა რომ სამყარო არის დიდი ნათელი და კეთილი ბურთი, სადაც თბილი და სათნო არსებები ცხოვრობენ. მერე-გავხდი 15 წლის და გავიგე რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, რომ დედამიწა ძირითადად წყლის და მიწის ფერია და სიკეთე და სიყვარული უფრო ძნელი საპოვნია, ვიდრე მეგონა.

მერე-16 წლის გავხდი და გავიგე, რომ რაკი ნათესავია-არ ნიშნავს რომ უყვარხარ,  რაკი მეგობარს ეძახი-არ ნიშნავს რომ არ გიმუხთლებს,  რომ როცა დახმარებას ითხოვ-უმეტესობა ბრმავდება და ყრუვდება და მხოლოდ ირონიულად გიცინის, ხოლო როცა რამის გაკეთებას ცდილობ-გარწმუნებს, რომ “მაინც არაფერი გამოვა”.  ყველა ჩავარდნის მერე  კი სიხარულნარევი ნიშნისმოგებით გპასუხობს “ხომ გეუბნებოდი”, რომ ადამიანი სასტიკი არსებაა.

მერე-სწავლას მუშაობა შევუთავსე და-საბოლოოდ გავიზარდე. ჩემს რეალიზმს ცინიზმი შეერია, როგორც კონკურენციაში, სამსახურშია მოსალოდნელი (მაგრამ გამოუცდელი დამწყებისთვის მაინც-სურპრიზი) ბევრი ახალი და საინტერესო რამ გავიგე ადამიანების შესახებ.   წერა რათქმა უნდა, აღარ გამხსენებია საკმაოდ დიდხანს. სანამ…  კითხვის მოყვარული, ღამისთევით სამსახურში მყოფი-ბლოგებს დავეჩვიე. ხშირად ვტოვებდი კომენტარებს, რამდენიმე საყვარელი ბლოგი გამიჩნდა, ხშირად ვკითხულობდი უამრავ პოსტს (ლინკიდან ლინკზე გადავდიოდი მოკლედ :)) და-გადავწყვიტე, რომ ჩემი მივიწყებული საქმიანობა განმენახლებინა. დავიწყე წერა.

ბლოგის დარეგისტრირების იდეა კარგა ხანს მქონდა, მაგრამ არ ვაკეთებდი. არ მინდოდა ჩემებს (სანაცნობო წრეს და ოჯახს) გაეგოთ რომ ვწერდი, რას ვწერდი და ა.შ. გამოსავალი მაინც ვიპოვე: ანონიმურობა.

პარადოქსია, მაგრამ ბლოგი არის ჩემი ნიღაბი, მაგრამ ამავე დროს არის ჩემი ყველაზე ნამდვილი სახე. ჰო, ბოლო დროს მივივიწყე ისევ, მაგრამ ყველა აქ შემოსვლა-სახლში დიდი ხნის მერე დაბრუნებას გავს. ყველა წერტილი რომ  მიყვარს, ყველა სიტყვა და ყველა კომენტარი.

2011 წლის 30 იანვარს დავარეგისტრირე ბლოგი. მის მერე ბევრი რამ მოხდა და ეს მე და ჩემს ბლოგს გვახსოვს:) ჰოდა, ამდენი წლის მერე, 313-ე პოსტით,  მინდა გრავატარკას ამოფარებული გოგო მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ რომ აქ ხართ. ბოლო ბოლო, რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამოვიყურები, ან ვინ ვარ რეალურად,  მაგრამ მაინც..

10330228_688129797923901_8225151131984876505_n

გამარჯობა!

 

თქვენი თეა.

 

 

კვირა.

ახალგაღვიძებული ფოთლებიდან გამოპარული მკრთალი მზის სხივი.

სხივისგან არეკლილი ნამი. ტოტზე მოღუღუნე მტრედი.

აივანზე  გატანილი პუფი, მზე რომ ნახევრად გხვდებოდეს,ელექტრონული წიგნებით სავსე ტაჩპედი, (ეს უფრო მობილურია, ვიდრე ყველა სახლში ბიბლიოთეკის ტარება ;))  ცივი ყავა. დილის 11 საათი. კვირა.10150798_673388696064678_55850901049133137_n

აივნის გისოსებიდან შემჩნეული გარეთ სასეირნოდ გამოყვანილი პატარა ბავშვები, მოცინარი თინეიჯერები, საქმიანად მიმავალი ხალხი. ერთი ქუჩის იქით- მთავარი ქუჩიდან მანქანების ღმუილი ყრუდ აღწევს. დიდი ქალაქი გიყვარს და ეს არ გაწუხებს.

ტელეფონის ხმა გარკვევს წიგნის სამყაროსგან, რომლის ეპოქაში ტელეფონზე არაფერი სმენოდათ: მეგობარი მალე შენთან იქნება.  4 საათი გამხდარა, უფრო დათბა, ვიდრე დილით.

აივანზე გატანილი მეორე პუფი, ახალი ჭიქა ცივი ყავა მეგობრისთვის, შეხვედრა.

საუბარში და სიცილში მოპარული საღამო. მეგობრის გაცილება სახლამდე. კიდევ გაპარული რამდენიმე საათი; უკანაც ფეხით მოდიხარ, კარგი ამინდია და სეირნობა გიყვარს. მუსიკას უსმენ..

ტელეფონის ხმა: ხვალ სამსახურია და უკვე გირეკავენ წინასწარ, გახსენებენ შეხვედრების დროს.  ეს ზარი უხეშად იჭრება კვირა დღეში, მაგრამ რას იზამ. გონებაში გადაიმეორებ შეხვედრების დროს. მსუბუქად ივახშმებ. “მწვანე ჩაი და ხილის სალათი დღის საუკეთესო დასასრულია”-იფიქრებ და ინტერნეტში მხოლოდ ახალი ფილმის მოსაძებნად შეხვალ, სასურველს იპოვი და გემრიელად მოკალათდები დიდი ეკრანის წინ.

მერე-სიზმრების სამყაროში გადაეშვები.. და არანაირი სადარდებელი, საფიქრალი, ტკივილი ან დაღლა არაა მნიშვნელოვანი. დღეს მნიშვნელოვანი ხარ შენ და შენ თავს აჩუქე ერთი დღე. დღე,  მოწყვეტილი გარესამყაროს.

ბედნიერება? განა მისთვის ბევრი რამაა საჭირო. მომენტშია ბედნიერება, თითეულ წუთშია ბედნიერება. უბრალოდ უნდა მოიცალო და დაინახო. წამით გაჩერდე და-უბრალოდ დატკბე.

მეტი არაფერი.

თეა.

977a5e196a5f402f439857fd3dd78b73

 

 

ფილოსოფიური სათაურის მაგივრად.

დაიმანჭო მაღვიძარას ხმაზე. ნაძალადევად ადგე, შხაპი, ტანსაცმელი, ყავა. ტრანსპორტი. სამსახური. კომპიუტერი. მუშაობა. ინტერნეტი. შესვენება. ფასტ ფუდი/ყავა/შეკვეთილი ლანჩი. ინტერნეტი. მუშაობა. გაბრაზება.calm, sleep, think, girl, beauty დამშვიდება. ერთი გულიანი სიცილი. ორი ახალი ადამიანის ნახვა. კომპიუტერი. ინტერნეტში პოლიტიკაზე სტატიების წაკითხვა. სტრესი. ტელეფონი. ნერვიულობა. კომპიუტერი.  სიხარული. კომპიუტერი. ინტერნეტი.  ფეისბუქის სტატუსები. პირობა რომ დიეტაზე ხარ ხვალიდან. და გულწრფელი დაჯერება ამ პირობის. ტელეფონი. საათს ახედო მოუთმენლად. 5:00 მკრთალი სიხარულის ტალღა. ინტერნეტი. საათს ახედო მოუთმენლად. 5:45. “ინტერნეტში დრო რა სწრაფად გადის”. პალტოს ჩაცმა, ტელეფონების ჯიბეებში ჩაწყობა. ოფისის დაკეტვა. ტრანსპორტი.მუსიკა. მაღაზია. სახლი.  მსუბუქი ვახშამი. სითბოში დაჯდომა და რაიმე მსუბუქი ფილმის ყურება, რომ გონებამ დაისვენოს. საათზე დახედვა. “ძილის დროა”. დაგეგმვა, რომ გაზაფხულიდან უფრო აქტიურ ცხოვრებას დაიწყებ და თავისთვის თქმა, რომ ეხლა უბრლაოდ ზამთარია და არაფრის ხალისი არ გაქვს ამ სიცივეში. ლოგინში ლეპტოპის შეთრევა. ამჯერად-დრამის ან საშინელებათა ფილმის/ტრილერის ჩართვა. დაძაბული ინტერესით ყურება. ბანალური ფინალით გაფუჭებული ფილმის ეფექტი, ან-აღფრთოვანება საინტერესო ფილმით. მაღვიძარას მომართვა. ძილი.

დაიმანჭო მაღვიძარას ხმაზე. ნაძალადევად ადგე, შხაპი, ტანსაცმელი, ყავა. ტრანსპორტი. სამსახური. კომპიუტერი. მუშაობა. ინტერნეტი. შესვენება. ფასტ ფუდი/ყავა/შეკვეთილი ლანჩი. პირობა რომ დიეტაზე ხარ ხვალიდან და ამის გულწრფელად დაჯერება. ფეისბუქი. მუშაობა. ფეისბუქი. ერთი გულიანი სიცილი. ერთი ახალი ადამიანის ნახვა. ორი ახალი ჭორის უინტერესოდ მოსმენა. თანამშრომლებთან არაფრისმთქმელი საუბარი. კომპიუტერი.ტელეფონი. საბუთები. ნერვიულობა. კომპიუტერი.  ტელეფონი. კომპიუტერი. ინტერნეტი. ტელეფონი. საათს ახედო მოუთმენლად. 5:00 მკრთალი სიხარულის ტალღა. ინტერნეტი. მეგობრებთან დროის დათქმა საღამოს შეხვედრისთვის. “რა ჩავიცვა ამ სიცივეში”.  საათს ახედო მოუთმენლად. 5:55. “საქმეში დრო რა სწრაფად გადის”. პალტოს ჩაცმა, ტელეფონების ჯიბეებში ჩაწყობა. ოფისის დაკეტვა. ტრანსპორტი.მუსიკა. მაღაზია. სახლი. საღამოს შეხვედრისთვის მზადება. ზარი. შეხვედრა. მსუბუქი ალკოჰოლი, გულიანი სიცილი, რამდენიმე სურათი ისტაგრამზე და ფეისბუქზე. “მაგრად გავერთეეე” -“მიყვარხართ გოგოებო”. დაღლილზე ტაქსში ჯდომა. სახლი . საათზე დახედვა. “ძილის დროა”. შხაპი. საწოლი, მაღვიძარას მომართვა. “კარგი საღამო იყო, გაასწორა, ნეტა ხშირად ვიკრიბებოდეთ”. ძილი.

წლების მანძილზე ტრილიონი პატარა ნერვიულობა, რომელიც თავის დროზე ქვეყნის დაქცევად გეჩვენებოდა. მილიონი პატარა სიხარული, რომელიც ბედნიერების შეგრძნებას გიტოვებდა.

——

ამაყი აზრის გაყოლება ცხოვრებაში: “მე სრულწლოვანი, დამოუკიდებელი, საქმიანი ადამიანი ვარ.” 

“ვარ თავისუფალი და ბედნიერი.”

ცხოვრება? -ის კი.. გადის.

დასასრული.

against storm alone

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 128 other followers